(ACCnews) “მნიშვნელოვანია, რომ მრავალპარტიული დელეგაცია გაემგზავრა უკრაინაში,” – ეს განცხადება აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილს უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
როგორც დეგნანმა მედიასთან განაცხადა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და უკრაინის რადას სპიკერს შორის პოზიტიური საუბარი შედგა.
“ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ მრავალპარტიული დელეგაცია გაემგზავრა უკრაინაში. ის კარგად ასახავს იმ დამოკიდებულებასა და მხარდაჭერას, რაც ქართველ ხალხს აქვს უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ასევე მიხარია, რომ პოზიტიური საუბარი შედგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და უკრაინის რადას სპიკერს შორის. როდესაც არსებობს რაღაც გაუგებრობა, სხვადასხვა მიზეზის გამო, ძალიან კარგია, როდესაც პირისპირ წყდება ასეთი საკითხები და ძალიან გვიხარია, რომ ეს ძმური მხარდაჭერა, რაც ქართველ ხალხს უკრაინის მიმართ ჰქონდა, კვლავაც გაგრძელდება.
როდესაც უკრაინასა და საქართველოს შორის რაიმე სახის დაპირისპირება არსებობს, ნებისმიერი ასეთი დაპირისპირების დროს, სარგებელს მხოლოდ რუსეთი იღებს. ამისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობის მესიჯი, რომ ჩვენ ყველა ერთად ვიდგებით და რომ ჩვენთვის, ყველასთვის – ძალის გამოყენებით ქვეყანაში შეჭრა, დაბომბვმა, მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, მიუღებელია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა.