(ACCnews) “თურქეთი მზადაა აზოვსტალიდან დაჭრილი სამხედროები გემით გამოიყვანოს,” – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდოღანის მრჩეველმა, იბრაჰიმ კალინმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი გამოცემასთან ამბობს, “აზოვსტალიდან” დაჭრილი სამხედროების გემით გაყვანის საკითხი, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში შეხვედრისას შესთავაზა. როგორც მან აღნიშნა, თურქეთის აღნიშნული შეთავაზება ახლაც “მოლაპარაკებების მაგიდაზეა, თუმცა მასზე თანხმობა რუსეთს ჯერ არ მიუცია.
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, ბერდიანსკის პორტიდან საზღვაო ევაკუაცია იყო ერთ-ერთი შეთავაზება, რათა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიეღწიათ.
“თუ იქნება შესაძლებლობა რომ ეს ამ ფორმით გავაკეთოთ, მოხარულები ვიქნებით. ჩვენ მზად ვართ. ფაქტობრივად, ჩვენი გემი მზად არის დაიძრას და ჩამოიყვანოს დაჭრილი სამხედროები და სხვა სამოქალაქო პირები თურქეთში. გემი ჯერ კიდევ სტამბოლში იმყოფება. მზად არის დაიძრას, თუმცა ჩვენ ველოდებით რუსული და უკრაინული მხარეებისგან საბოლოო ნებართვას, რათა ის ბერდიანსკში გაემგზავროს და დაჭრილი სამხედროები ჩამოიყვანოს თურქეთში”, – განაცხადა იბრაჰიმ კალინმა.