(ACCnews) “ვვარაუდობდით, რომ მარიუპოლში 20 000-მდე ადამიანია გარდაცვლილი, თუმცა გაცილებით მეტია,” – ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ “ფორმულასთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისივე განცხადებით, უკრაინა ყველა მონაცემს საერთაშორისო სასამართლოს და გაეროს გადასცემს.
“ყველა ის ადამიანი, რომელიც თავს თვლის მსხვერპლად, გვიკავშირდება და ამის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. დღეის მონაცემებით, ოფიციალურად ასეთი 43 000 ადამიანია დაფიქსირებული. ყველა მონაცემს ჩვენ გადავცემთ საერთაშორისო სასამართლოს და გაეროს. რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო დანაშაულების ეპიცენტრი იყო კიევის ოლქში.
მე ჩემი თვალით ვნახე, რაც ხდებოდა იქ და აღვწერეთ ყველაფერი დეტალურად. ჩვენ გვიკავშირდებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც, მაგალითად – ხერსონიდან და შემიძლია გითხრათ, რომ იქაც საკმაოდ რთულადაა ვითარება.
რაც შეეხება მარიუპოლს, ჩვენ ვვარაუდობდით, რომ იქ 20 000-მდე ადამიანია გარდაცვლილი, მაგრამ რეალური ციფრი გაცილებით მეტია. სატელიტის მეშვეობით ვაკვირდებით მარიუპოლს და ვხედავთ, თუ როგორ ასუფთავებენ მარიუპოლს და გამოჰყავთ გარდაცვლილები,” – განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა.