(ACCnews) უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს, რომ გერმანიის პრეზიდენტთან მნიშვნელოვანი საუბარი ჰქონდა.
როგორც ზელენსკი წერს, მან გერმანიის პრეზიდენტს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“კარგი, კონსტრუქციული, მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა გერმანიის პრეზიდენტთან, ბატონ შტაინმაიერთან. მადლობა გადავუხადე უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ველოდებით მის გაძლიერებას. გერმანიის ლიდერობა მნიშვნელოვანია რუსეთის აგრესიის დასაძლევად. მივაწოდე ინფორმაცია ფრონტის ხაზზე მიმდინარე სიტუაციის და მარიუპოლში კრიტიკული ვითარების შესახებ,” – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ცნობისთვის, გერმანიის პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი 45 წუთს გაგრძელდა და მხარეებმა “წარსული უსიამოვნებების მოგვარება შეძლეს”. მისივე ინფორმაციით, საუბრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შტაინმაიერი და “გერმანიის ყველა სხვა სახელმწიფო ლიდერი კიევში მიიწვია”.