( ACCnews) რუსული სახელმწიფო მედია, “RIA Novosti” თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიიდან დაჭრილი უკრაინელი სამხედროების გაყვანა დაწყებულია.
როგორც აღნიშნული მედია წერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დაჭრილი სამხედროები ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფ სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.
“16 მაისს მარიუპოლში, აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანაში ჩაკეტილ უკრაინელ სამხედრო მსახურების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად, დაჭრილთა გაყვანის შესახებ შეთანხმება იქნა მიღწეული. ამჟამად, ქარხნის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დამყარდა და გაიხსნა ჰუმანიტარული დერეფანი, რომლის გავლითაც უკრაინელი სამხედრო მსახურები გაჰდაყავთ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში მყოფ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში, რათა უზრუნველყონ ისინი ყველა საჭირო დახმარებით,” – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ “აზოვსტალიდან” თავდაპირველად 60 ადამიანის გამოყვანაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. მისივე ცნობით, რუსეთი ყველა ადამიანის ერთად გამოყვანას არ თანხმდება.