(ACCnews) „საქართველომ შესაძლოა პროვოკაცია მოაწყოს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ დაგეგმილი რეფერენდუმის ჩატარების გამო.“ – ეს განცხადება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსულ გამოცემა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში გააკეთა. ცხინვალი მზად არის, პროვოკაციაზე ადეკვატურად უპასუხოს, განმარტა მან.
ბიბილოვის თქმით, „შეიძლება, იყოს პროვოკაციები, რომლებიც დაკავშირებულია რაიმე სახის ძალისმიერ ქმედებებთან, მაგრამ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უსაფრთხოება გარანტირებულია რუსეთის ფედერაციისა და ყველა ქვედანაყოფის მიერ, რომლებიც სამხრეთ ოსეთში არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ პროვოკაციაზე იქნება აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი – იქნება ეს დიპლომატიური ნაბიჯები თუ სხვა ქმედებები, რასაც, რა თქმა უნდა, განვახორციელებთ საქართველოს რესპუბლიკის მხრიდან პროვოკაციების შემთხვევაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ დღეს ჩვენ საქართველოს მხრიდან რაიმე საფრთხეს ვერ ვხედავთ. ის პროვოკაციები, რომლებიც არსებობს, ჩვენ მათ დიპლომატიური გზით ვწყვეტთ, ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ამ საკითხების დაყენებით. ანუ, ჯერჯერობით, ნებისმიერ შემთხვევაში, დიალოგი მიმდინარეობს“, – აღნიშნა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა.
მანამდე ბიბილოვმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთის ფედერაციასთან კონსულტაციები მიმდინარეობს, 10 აპრილის შემდეგ რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილის თაობაზე სარეფერენდუმო პროცედურების მოსამზადებლად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მთავრობამ უზენაეს სასამართლოს უნდა მიმართოს, უთხრა „რია ნოვოსტის” ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა. მისი სიტყვებით, არსებობს „გარკვეული იურიდიული ნაბიჯები“, რომლის გადადგმაც აუცილებელია, უზენაესი სასამართლოს პასუხის საფუძველზე დაიწყება მზადება და დაინიშნება რეფერენდუმის თარიღი.
აქამდე იუწყებოდნენ, რომ რეფერენდუმი შეიძლებოდა ჩატარებულიყო 10 აპრილს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დანიშნული ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ამასთან, ბიბილოვმა თქვა, რომ შესაძლოა, ორი რეფერენდუმი ჩატარდეს.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის შემადგენლობაში პირდაპირ შესვლა და პირდაპირ, მაშინვე ოსეთის გაერთიანება არ მოხდება, ვინაიდან კანონმდებლობა არ იძლევა უფლებას. როდესაც სამხრეთი ოსეთი უკვე რუსეთის შემადგენლობაში იქნება, ამის შემდეგ უნდა დაიწყოს ოსეთის გაერთიანების პროცესი და ამის მერე უკვე უნდა იყოს ორი რეფერენდუმი“, – დასძინა მან.
4 აპრილს დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ალან ტადტაევმა, რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებული რეფერენდუმის ჩასატარებლად, საინიციატივო ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადა. ჯგუფი საარჩევნო კომისიას შესაბამისი განცხადებით მიმართავს.
რადიო თავიოსუფლება